ბახმარომდე მისასვლელი 18 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19,2 მლნ ლარით დაფინანსდა.
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. გურიაში, კურორტ ბახმაროსთან დამაკავშირებელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, ბახმარომდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი და ხელოვნური ნაგებობები – წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონისა და გაბიონის საყრდენი კედლები და სხვა. ასევე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გზა შემოიფარგლა ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა. შემცირდა მგზავრობის დროც.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19,2 მლნ ლარით დაფინანსდა.
ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით.
კურორტ ბახმაროს 2019 წლის დასაწყისში დაბის სტატუსი მიენიჭა, ხოლო გაზაფხულზე – მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.