საქართველოში 2023 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დააზუსტეს

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი დაზუსტდა რეინვესტირების მაჩვენებლის და რამდენიმე საწარმოს კრედიტების მოცულობის ცვლილებების გამო.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მოცულობა 2023 წელს 2022 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 15%-ით შემცირდა და 1,9 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი დაზუსტდა რეინვესტირების მაჩვენებლის და რამდენიმე საწარმოს კრედიტების მოცულობის ცვლილებების გამო. 2024 წლის მარტში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წელს ინვესტიციები 19,3%-ით გაიზარდა.
ინვესტიციები საქართველოში 2023 წელს. ქვეყნების ტოპ-სამეული

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

წილი ინვესტიციებში, %

ნიდერლანდები

386,3

20,3

დიდი ბრიტანეთი

364,3

19,2

აშშ

182,2

9,6

ინვესტიციები ასევე შემოვიდა თურქეთიდან, ირლანდიიდან, რუსეთიდან, ჩეხეთიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციები
საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები 2024 წელს იყო ფინანსური და სადაზღვევო სექტორი, ვაჭრობა და გადამამუშავებელი მრეწველობა.
ინვესტიციები საქართველოში 2023 წელს. მოწინავე დარგების ტოპ-სამეული

დარგი

მოცულობა, მლნ დოლარი

წილი ინვესტიციებში, %

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა

583,6

30,7

ვაჭრობა

314,3

16,5

გადამამუშავებელი მრეწველობა

301,5

15,9

ინვესტიციები ასევე განხორციელდა ვაჭრობაში, მშენებლობაში, ხელოვნებაში, დასვენებასა და გართობაში, ინფორმაციასა და კომუნიკაციებში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, ასევე სასტუმროებსა და რესტორნებში.
რეინვესტიციები
2023 წელს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რეინვესტიციების დიდი მოცულობა, რამაც დაახლოებით 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა და მათმა წილმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 83,7% შეადგინა.
რეინვესტიციების დიდი მოცულობის ძირითად მიზეზად ხელისუფლება და ექსპერტები „ესტონური მოდელის" საგადასახადო სისტემის დანერგვას მიიჩნევენ.
2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საწარმოები მოგების იმ ნაწილის დაბეგვრისგან გათავისუფლდნენ, რომელიც წარმოების განვითარებაში იდება. არსებული საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-ს შეადგენს.
საინვესტიციო პოლიტიკა
მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ხელახლა ჩამოყალიბდება — პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა და ქვეყანა ახლებურად იქნება პოზიციონირებული.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.
ამავე პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასახავს, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვდება.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად იტყვის უარს დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებულ ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.