თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. კახეთში, თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ყურძნის რთველი საქართველოში შემოდგომაზე კახეთის რეგიონიდან იწყება და მთიან რაიონებში მთავრდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მევენახეებსა და მეღვინეებს რთველის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს და ყურძენი სრულად დაბინავდეს.
„წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გამოვაცხადეთ პრიორიტეტად და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩავდეთ ამ დარგის განვითარებისთვის. კონკრეტული შედეგები გვაქვს სახეზე და ეს არის გამოხატული როგორც ვენახების ფართობების, ასევე ღვინის ექსპორტის ყოველწლიურ ზრდაში“, - განაცხადა შამუგიამ.
მინისტრი მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელს მევენახეების შემოსავალი იქნება რეკორდული, დაახლოებით 350 მილიონი ლარი.
„ამ პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რქაწითელის ჯიშის სუბსიდირებაზე. ყველა პირობა არის შექმნილი, რათა მაქსიმალურად ორგანიზებულად ჩატარდეს რთველი“, – აღნიშნა მან.
თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24-საათიანი რეჟიმში მუშაობს. რთველის საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ხელმძღვანელობს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, ქარხნებმა კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი ჩაიბარონ, რადგან სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას, რაც, საბოლოოდ, ფასზე და ექსპორტის მაჩვენებლებზე ისახება.
მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს – მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და ერთ კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია ერთ კგ რქაწითელზე 0,2 ლარს შეადგენს.
2023 წლიდან საქართველოში ყურძნის რეალიზაცია გაადვილდა. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია დარეგისტრირდეს საკოორდინაციო შტაბში, რათა ხელი შეუწყოს რთველის ორგანიზებულ ჩატარებას, მიუთითოს ყურძნის რაოდენობა და ფასი, რომლითაც სურს პროდუქტის შეძენა. ამის შემდეგ ყურძნის ჩაბარების მსურველი ფერმერი მიმართავს შტაბს და ეძებს კომპანიას, რომელიც მისგან მოსავალს ხელმისაწვდომ ფასად შეისყიდის.
2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე საქართველომ 156,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 24,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.