თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე იძებნებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნებოდა.
აშშ-ის მოქალაქე სუს-მა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან პარტნიორობის საფუძველზე ბათუმში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად დააკავა.
უწყების ცნობით, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა დაკავებული პირის კუთვნილი ნივთები, მათ შორის, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების ელექტროტექნიკა.
დაკავებული პირის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირების და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მიზნით.