თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „ყაზბეგი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ლაგოდეხი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგისა და მათი ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 32.250 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ფულადი ჯარიმა 1 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო სამ კანონდამრღვევ მოქალაქეს, ვინაიდან ქმედება იყო განმეორებითი, თითოეულს ფულადი ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.
კანონდამრღვევი საქართველოს ერთი მოქალაქის საქმის მასალები კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.