სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები საქართველოში: გამოქვეყნდა ექვსი თვის მონაცემები

ამ პერიოდში გაუპატიურების მსხვერპლად 53 ადამიანი იქნა აღიარებული, მათგან 18 არასრულწლოვანი იყო.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო— Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში საქართველოში სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25,6%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
უწყების ცნობით, 2024 წლის პირველ 6 თვეში დაფიქსირდა 304 მსგავსი დანაშაული - 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში დანაშაულის მაჩვენებელი იყო 242.
ამასთან, 2024 წლის ექვს თვეში გაუპატიურების შემთხვევების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,7%-ით გაიზარდა და 105 შემთხვევა შეადგინა. გახსნილი საქმეების რაოდენობა 70-დან 72,4%-მდე გაიზარდა.
2024 წლის პირველ ექვს თვეში სექსუალური დანაშაულისთვის ბრალდებულთა რიცხვმა 162 შეადგინა, მხოლოდ გაუპატიურებისთვის ბრალი 59 ადამიანს წარედგინა.
ამ პერიოდში გაუპატიურების მსხვერპლად 53 ადამიანი იქნა აღიარებული, მათგან 18 არასრულწლოვანი იყო.