თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს, რომლებიც ოლქებში ამომრჩეველთა დელეგატები იქნებიან, ფეოდალები და კორუმპირებული უწოდეს.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ნაწილი - 22 დელეგატის ვინაობა გამოაქვეყნა, რომელთაგან თითოეული ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში იქნება პასუხისმგებელი საარჩევნო კამპანიაზე, ხოლო არჩევნების შემდეგ ამ ოლქის ამომრჩეველთა ინტერესებს პარლამენტში დაიცავს. თბილისის რვა დელეგატი უახლოეს დღეებში დასახელდებიან. სულ 30 საარჩევნო ოლქია.
„ნაცმოძრაობაში“ დელეგატის სტატუსის გაჩენა დეპუტატებს შორის გაუგებარი უწოდეს.
„პარლამენტის წევრი ყველა თანასწორია, მითუმეტეს, პროპორციულ სისტემაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ოლიგარქიული სისტემა ეფუძნება მინი-ოლიგარქებსა და ისეთ კორუმპირებულ ტიპებს, რომლებიც სისხლს სწოვენ ჩვენს ქვეყანას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ლოკალურად“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად გაკოტრებულია და არჩევნებს აგებს.
„მაჟორიტარული სისტემა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ მათ დანიშნეს და სიაში ადგილებს დაჰპირდნენ იმ ფეოდალებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდნენ“, - განაცხადა სამადაშვილმა.
მაჟორიტარული წესის აღდგენა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნება” ამ არჩევნებზე მთლიანად კორუფციაზე და ძალადობაზე დგას, მიაჩნია ანა ბუჩუკურს (ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“). მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ურტყამს არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას.
„ფაქტია, რაც გუშინ ვიხილეთ, რომ „ოცნებას” განახლების რესურსი აღარ აქვს. შეხედეთ ამ სახეებს - ეს ხალხი არათუ ევროპაში ვერ მიგვიყვანენ, არამედ, პარტნიორებთან გაფუჭებულ იმ ურთიერთობასაც ვერ აღადგენენ, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში „ოცნებამ” გააფუჭა. შესაბამისად, „ოცნების” ბილბორდებზე ევროპის დროშის გამოსახულება არის სრული ფარსი”, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
მისი თქმით, არჩევნებზე „ქართული ოცნების” სახეები იქნებიან კორუმპირებული ფეოდალები, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ პარლამენტში და ტრიბუნა არასდროს გამოუყენებიათ, მხოლოდ ხალხის ფულს იპარავდნენ და „ოცნების” პარტიულ სალაროს ავსებდნენ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს სრულიად პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) გაიმართება. ამავდროულად, პარტიების საარჩევნო სიებში დეპუტატობის ცალკეულ კანდიდატებს შეიძლება ეწოდოს დელეგატები, ანუ ამომრჩეველთა პოტენციური წარმომადგენლები ოლქებში. სულ 30 საარჩევნო ოლქია.
ოლქის დელეგატი გახდება დეპუტატობის ის კანდიდატი, რომელიც არჩევნების შედეგებით პარტიული სიით მოხვდება პარლამენტში და ოლქში მოიპოვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე მისი მეტოქეები სხვა პარტიიდან.
ბოლო 20 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს ყველა წინა არჩევნები ტარდებოდა შერეული სისტემით - პროპორციულით, ანუ ხმას აძლევდნენ პარტიას, და მაჟორიტარულით, ანუ ირჩევდნენ კონკრეტულ კანდიდატებს ოლქებში, რომლებიც შემდგომში წარმოადგენდნენ ამ რაიონის ინტერესებს პარლამენტში.