თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ველისციხეში 25 წლის გიორგი მირზაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული მეორე მამაკაციც დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ორმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ გაგუდეს. შემდეგ ბრალდებულებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭაში დამარხეს და მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იპოვეს.
პოლიციამ საქმეზე ორი მამაკაცი დააკავა - გიორგი სულხანიშვილი და უშანგი ბერძენიშვილი. ორივე მათგანს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ქურდობას ედავებოდა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის თებერვალში ჯერ სულხანიშვილი ცნო დამნაშავედ და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ამჟამად კი უშანგი ბერძენიშვილი და მასაც იგივე სასჯელი შეუფარდა.