სამხარაულის ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უფროსის თანამდებობა ვაკანტური გუშინ გახდა.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
გიორგი თვაურმა ამ პოსტზე მამუკა ჯანგულაშვილი შეცვალა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა.
მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი.
გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.