არის თუ არა უსაფრთხო ბანაობა შავ ზღვაში - სანაპიროზე სინჯები აიღეს

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის ბოლო მონიტორინგი ერთი თვის წინ განახორციელა.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. 14 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განხორციელდა, მიღებული შედეგები კი ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველთვიურად ახორციელებს უწყვეტ მონიტორინგს შავ ზღვაზე მოწყობილ 12 სადგურზე. ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებში იყო. კვლევებით განისაზღვრება ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. აღებული წყლის ნიმუშები 59 პარამეტრით მოწმდება,
„შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, აღნიშნულია განცხადებაში.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის ბოლო მონიტორინგი ერთი თვის წინ, 10 და 11 ივლისს განახორციელა.
ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებში იყო. კვლევებით განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს, აღნიშნულია ინფორმაციაში.