ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები მოიწამლნენ

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 15 პატიმარი მოწამვლის ნიშნებით თბილისში არსებულ კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 15 პატიმარი მოწამვლის ნიშნებით თბილისში არსებულ კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს. მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა ნაწილი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ექიმ-სპეციალისტთა მიერ მათი მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მსუბუქი ხარისხის დარღვევებით. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და დაბრუნდებიან დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ადგილას.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.