ქართველ მძღოლებს საერთაშორისო მართვის მოწმობის აღება შეუძლიათ

მომსახურების სააგენტო ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე გასცემს საერთაშორისო მართვის მოწმობას.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. მომსახურების სააგენტომ ერთწლიანი და სამწლიანი საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო.
საერთაშორისო მართვის მოწმობა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე გაიცემა. დოკუმენტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში მოქმედებს.
ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი მოცემულია ამ ბმულზე: https://shorturl.at/oDUTR
მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა, რომელიც 3 წლის ვადით არის მოქმედი.
დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში.
ვენის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ ამ ბმულზე: https://shorturl.at/meBqd
საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ეროვნული მართვის მოწმობა წარმოადგინოს.