ძლიერმა წვიმამ ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა

მერიის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ზღვაში ჩამავალი სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდაზე.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. უამინდობამ პრობლემები შეუქმნა ბათუმის მცხოვრებლებს და სტუმრებს, სადაც ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები და ეზოები დატბორა, რამდენიმე ქუჩაზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობაც იყო გართულებული.
ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანიც.
„სტიქიურად მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე, 14 ლოკაციაზე გარკვეული შეფერხებები გამოიწვია. ტრადიციულად, ეს ის ადგილებია, რომლებიც ზღვის დონეზე დაბლაა, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა როგორც კერძო სახლების ეზოებში, ასევე საცხოვრებლის მისამართებზე “, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა. რაც შეეხება ქალაქის მოსახლეობისგან შემოსულ შეტყობინებებს, მერის თქმით, ინციდენტების შესახებ სულ 50-მდე შეტყობინება იყო შემოსული.
„აუცილებელია აღინიშნოს, რომ როგორც მუნიციპალური, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან და მოსახლეობას სათანადო დახმარებას უწევენ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მერიის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში წმინდავდნენ სანიაღვრე ჭებს და ზღვაში გამსვლელ არხებს. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.