თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო იზრუნებს, რომ ქართველი ახალგაზრდები გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი და გაიუმჯობესონ კვალიფიკაცია, - განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და მოქალაქეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, რომელიც ეძღვნება ახალგაზრდა თაობას, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 12 აგვისტოს აღინიშნება. დღესასწაული მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ოჯახური ფასეულობების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თემის პოპულარიზაციას. იგი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1999 წელს დაარსდა. პირველად აღინიშნა 2000 წელს. მოგვიანებით ამ დღესასწაულს საქართველოც შეუერთდა.
„პირადად მე, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ვიზრუნებ იმაზე, რომ ქართველი ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იყვნენ – განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ისეთი პროგრამების განხორციელებაზე, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა ამილახვარმა.
ეს, მისი თქმით, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებლის ზრდას.
როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ის ახალგაზრდობის თითოეული მიღწევით ამაყოფს და კიდევ უფრო გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს.
„არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ ახალგაზრდა თაობა არის ჩვენი მომავალი და ის ძალა, რომელზეც დგას ქვეყნის განვითარება. შესაბამისად, ჩვენი ვალია, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეულ ახალგაზრდას საკუთარი ცოდნის გამოვლენისა და თვითრეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა ამილახვარმა.
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდობის პოლიტიკა განათლების სისტემის ნაწილი გახდა, უწყებამ ახალგაზრდებს არაერთი სიახლე შესთავაზა.
„ეს მხოლოდ დასაწყისია და მომდევნო წლიდან ჩვენი მომავალი თაობისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვან მხარდამჭერ ინიციატივებს განვახორციელებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
2024 წლის 1 იანვრიდან ახალგაზრდების საკითხი ოფიციალურად გადავიდა საქართველოს განათლების სამინისტროს ხელში. 2021 წლიდან ახალგაზრდების საქმეებს კულტურის სამინისტრო კურირებს.
ამილახვარმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ნიჭიერი ბავშვი და ახალგაზრდა გაიცნო, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად შეიტანენ საკუთარ წვლილს საქართველოს განვითარებაში.
„თითქმის ყოველდღიურად მაქვს შეხება მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა – ჩვენს ქვეყანას ჰყავს მართლაც სამაგალითო, გამორჩეული და პროგრესული ახალგაზრდობა, რომელიც მჯერა განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს საქართველოს წინსვლისა და განვითარების საქმეში!“ - განაცხადა მინისტრმა.
ამილახვარის თქმით, სამინისტრო ხელს შეუწყობს საინტერესო იდეებისა და ინიციატივების განხორციელებაში საქართველოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.