ბულგარეთში საქართველოს გავლით შეტანილი 400 კილოზე მეტი ნარკოტიკი აღმოაჩინეს

ნარკოტიკი დეკლარირებულ ტვირთში იყო დამალული.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ბულგარეთში საქართველოს გავლით შეტანილი 35 მლნ ევროს ღირებულების ჰეროინი აღმოაჩინეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ბულგარელმა სამართალდამცველებმა 436 კილოგრამი ჰეროინი ბურგასის პორტში, ტრაილერიდან ამოიღეს. 434 შეფუთვად დაფასოებული ნარკოტიკი დეკლარირებულ ტვირთში იყო დამალული.
არსებული ინფორმაციით, ტრაილერი სახმელეთო მარშრუტით ყირგიზეთიდან ჯერ საქართველოში, ბათუმის პორტში შემოვიდა, შემდეგ კი შავი ზღვით ბურგასში გადაიტანეს. მარშრუტის საბოლოო დანიშნულების ადგილი საბერძნეთი იყო.
ბულგარეთის პროკურატურის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის, ივან სოკოლოვის განცხადებით, ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პორტში ტრაილერი უჩვეულოდ ხანგრძლივად იყო გაჩერებული.
„ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ და არც ამ ტრანსსასაზღვრო დანაშაულში მონაწილე პირი აღმოუჩენიათ“, - განაცხადა საოლქო პროკურორმა, ჯორჯი ჩინევმა.
ბულგარეთში ნარკოტრაფიკინგი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.