ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტის შეფასება შეჩერებულია

კუნძულის მშენებლობა ნავთობტერმინალის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს, მიაჩნიათ მმართველ კომპანიაში
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. გარემოს ეროვნულ სააგენტოში შპს „ტერმინალი-1“-ის მიმართვის შემდეგ „ბათუმის ხელოვნური კუნძულის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურა შეჩერებულია, იუწყება Business Press News.
ბათუმში იგეგმება ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის აშენება, რომლებიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო და კომერციულ-საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციებით განხორციელდება. „ბათუმი აილენდის“ მშენებლობა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო.
შპს „ტერმინალ 1“-მა წარმოადგინა დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნევს კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში.
„აბსურდულია ნავთობტანკერის დგომის და გადატვირთვის ტერიტორიაზე, სადაც არის გაფრქვევის ადგილი, მომეტებული საფრთხის ზონა, სადაც ყველა მოქმედება გაწერილია ნავსადგურის წესებით/ინსტრუქციებით და რეგულირდება უსაფრთხოების და უშიშროების გეგმით, მოხდეს მრავალფუნქციური ტურისტული ზონის მოწყობა“, - აცხადებს კომპანია.
„ტერმინალი-1“ მართავს ნავთობტერმინალს, რომელიც ბათუმის თევზის ბაზარს ესაზღვრება, ხოლო კომპანია Ambassador Batumi Island ხელოვნურ კუნძულს ამ ტერმინალის საპირისპირო მხარეს აშენებს.
„ტერმინალ1“ აცხადებს, რომ 2022 წელს გასცეს რეკომენდაცია ტერმინალის საზღვრებთან იმ უსაფრთხო მანძილთან დაკავშირებით, რომლის კუნძულის მიერ გადმოლახვის შემთხვევაში საფრთხე შეექმნებოდა ნავიგაციის უსაფრთხოებას.
„ეს წერტილი დღეის მდგომარეობით გადმოლახვის საფრთხის ზონაშია“, - წერს კომპანია.
ამასთან, „ტერმინალ1“ სახელმწიფო უწყებებს წერს, რომ მათი შეშფოთება ეყრდნობა მრავალწლიან გამოცდილებას და საერთაშორისო საპროექტო კომპანია „ანკორ ინჟინერინგის“ შეფასებას.
კომპანიამ სამინისტროებს და სააგენტოს ასევე გადაუგზავნა „ანკორ ინჟინერინგის“ წინასწარი შეფასების ქართულად ნათარგმნი ვერსია. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტში ჩამოთვლილია ყველა ის სირთულე, რასაც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კომპლექსის მშენებლობის შემთხვევაში ტერიტორიის შექმნის და ნავმისადგომის აკვატორიასთან მოსვლისას შპს „ტერმინალ1“ წააწყდება.
ხელოვნური კუნძულის პროექტი ბათუმში
„ნავმისადგომის და ხომალდების შემოსვლის მარშრუტის მიმართულებით გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, გადაადგილდებიან ადამიანები, უახლოვდებიან გადატვირთვის ადგილს, სადაც ტელეფონის უბრალოდ შეტანაც კი ფეთქებადსაშიშია, რომ აღარ ვისაუბროთ ღია ტერიტორიიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე“, - წერს კომპანია.
ინვესტორი „ამბასადორ ჯგუფი“ პროექტის პირველი ფაზის მშენებლობაზე მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დახარჯვას და 2000 ადგილობრივის დასაქმებას აპირებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი დადგენილებით კომპანიას ბათუმში ბარცხანის და თამარის დასახლებებში 90 ჰექტარი მიწის განაშენიანების უფლება მიენიჭება.
ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში
კუნძულზე პროექტის მიხედვით მოეწყობა საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები.
წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.