პრემიერმა სალომე ზურაბიშვილს „ნაცმოძრაობის“ მარიონეტი უწოდა

მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ საპასუხოდ ზურაბიშვილს სააკაშვილი არჩევნებიდან რამდენიმე დღეში უნდა შეეწყალებინა.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის მარიონეტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელში, მისი ერთადერთი ფუნქციაა თქვას ის, რასაც სხვები ეუბნებიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ასე გამოეხმაურა კობახიძე ზურაბიშვილის ჩართვას საპარლამენტო არჩევნების მოხალისე დამკვირვებლების კამპანიაში. მმართველმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში, რითაც არღვევს კონსტიტუციას და რომ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, ახლა კი რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა.
„რეალურად ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, ერთი მარტივი მარიონეტი, შესაბამისად, მის არავითარ სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რის შემდეგაც თავად ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა.
„აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს აღიარებული, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი და მან თანამდებობა შეინარჩუნა მხოლოდ და მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ „ნაცმოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში შეიტანეს „ოცნების“ დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. ზურაბიშვილის თქმით, ამან გამოავლინა არამხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობა.
ხოლო 2024 წლის 15 ივლისს ზურაბიშვილმა თავად მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით „გამჭვირვალობის კანონის“ შეჩერების თაობაზე, რომელიც 3 ივნისს ამოქმედდა.
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ვერ გამოუცხადა იმპიჩმენტი პრეზიდენტს, რადგან მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა, რომელსაც ხელისუფლება „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს, უარი თქვა მხარი დაეჭირა პრეზიდენტის თანამდებობიდან მოხსნისთვის.
მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ საპასუხოდ ზურაბიშვილს სააკაშვილი არჩევნებიდან რამდენიმე დღეში უნდა შეეწყალებინა, რათა ოპოზიციის დამარცხების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია დაეძაბა.
გარიგება სააკაშვილის შეწყალებაზე: საქართველოს პრეზიდენტით ყველა უკმაყოფილოა>>
სააკაშვილის შეწყალების შანსები ნულის ტოლი მას შემდეგ გახდა, რაც მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საზღვრის კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ხელახლა განიხილება, რადგან ჯინჯოლიამ ნინო ჩახნაშვილი შეცვალა.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.