მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელი დაიღუპა - მიმდინარეობს საძიებო ოპერაცია

მაშველებმა ჩარჩენილი მთასვლელები ვერტმფრენით გამოიყვანეს, ამ დრომდე ეძებენ ერთი ადამიანის ცხედარს
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გადაიყვანეს, ნათქვმია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი კიდევ ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
„მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ.
უწყებიოს ცნობით, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.