რამდენად უსაფრთხოა ლიფტები თბილისში: ახალი მონაცემები

ლიფტი კორპუსის მობინადრეთა საკუთრებას წარმოადგენს და ისინი მის უსაფრთხოებასა და ნორმებთან შესაბამისობაზე არიან პასუხისმგებლები.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. თბილისში არსებული 11.000 ლიფტიდან სავალდებულო ინსპექტირება გავლილი აქვს მხოლოდ 5047 ლიფტს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოზე დაყრდნობით.
საქართველოში ლიფტი კორპუსის მობინადრეთა საკუთრებას წარმოადგენს და ისინი მის უსაფრთხოებასა და ნორმებთან შესაბამისობაზე არიან პასუხისმგებლები. თითოეულ მრავალბინიან კორპუსში არსებობს ამხანაგობა და მისი თავმჯდომარე, რომელსაც მოსახლეობა კრებაზე კენჭისყრის საფუძველზე ირჩევს.
2013 წლის 10 ივლისის დადგენილებით ლიფტების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამხანაგობამ ყოველ მესამე წელს კერძო ინსპექტირების ორგანოების დახმარებით უნდა ჩაატაროს. თუ ინსპექტირება არ აქვს ლიფტს გავლილი, კანონის მიხედვით ამხანაგობა 500 ლარით ჯარიმდება.
ინსპექტირების გაუვლელობის გამო 2020 წლიდან დღემდე 28 ამხანაგობა დაჯარიმდა.
როგორც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში განაცხადეს, სააგენტოს მიერ არაგეგმიური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ლიფტზე მომხდარი ავარიის, უბედური შემთხვევის, საფრთხის შესახებ შეტყობინების, ფორსმაჟორის და სხვა შემთხვევებში.