თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. სექტემბერში საქართველოში დასრულდება ბიატლონის ტრასის ბაკურიანში და თბილისში ყინულის მოედნის მშენებლობა 2025 ოლიმპიური ფესტივალისთვის, ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ განაცხადა.
ბაკურიანმა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ოფიციალური სტატუსი მიიღო. გადაწყვეტილება 2020 წელს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს - თამაშების ნაწილი თბილისისა და ბათუმის სპორტულ მოედნებზე ჩატარდება.
„საქართველოში ასეთი ტიპის არენა პირველია, შესაბამისად ქართულ მხარეს გამოცდილება ნაკლები აქვს ამ ინფრასტრუქტურის მოწყობაში, ამიტომ ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფებოდით, სადაც მათი გამოცდილება გავიზიარეთ. გავეცანით უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც ყინულის მოედნისთვის არის განკუთვნილი. ეს იქნება უნიკალური ინფრასტრუქტურა იმ პირველი ნაბიჯებისთვის, რათა ჰოკეის და ზამთრის სხვადასხვა სპორტი განვითარდეს“, - აღნიშნა გიორგი ციბაძემ.
2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა. 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თბილისში სპორტის ცხრა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქრო და ექვსი ბრინჯაო მოიპოვეს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ევროპული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ შექმნა. ზამთრის, ისე ზაფხულის ფესტივალი - ორ წელიწადში ერთხელ იმართება.