არჩევნები საქართველოში: საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებს გამოცდებს ჩაუტარებენ

დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. 12 აგვისტოდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
სპეციალური სერტიფიკატი აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოქალაქე ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელი წევრი გახდეს.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, 796-მა მოქალაქემ (ქალი - 567, კაცი - 229) დააფიქსირა.
გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენას. გამოცდის ხანგძლივობა 1 საათია.
„გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით“, - აცხადებენ ცესკოში.
საპარლამენტო არჩევნები
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: ხმის მიცემის დეტალური ინსტრუქცია>>
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.