ვეტერინარული პრეპარატებისთვის ახალი წესები დამტკიცდა: რა შეიცვალა

ინფორმაცია ვეტპრეპარატის შესახებ უნდა იყოს განთავსებული შეფუთვაზე ან ანოტაციის (ჩანართი ფურცლის) სახით
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ბაზარზე არსებული ყველა ვეტერინარული პრეპარატის ანოტაცია ან პრეპარატის შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი, მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში უკვე შევიდა.
საქართველოში არსებული ვეტერინარული პრეპარატების ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია და უცხო ენის არმცოდნე ადამიანი ვეტერინარის განმარტების ან თარგმანის იმედად არის დარჩენილი.
ახალი წესებით, საბოლოო მომხმარებლისთვის განკუთვნილი ვეტერინარული პრეპარატის პირველად ან/და მეორეულ შეფუთვაზე მითითებული მონაცემები უნდა იყოს ქართულ ენაზე.
იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატის პირველად ან/და მეორეულ შეფუთვაზე მითითებული მონაცემები არ არის ქართულ ენაზე, საბოლოო მომხმარებელს, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ქართულ ენაზე, ანოტაციის (ჩანართი ფურცლის) სახით ან სხვა ალტერნატიული საშუალებით.
ანალოგიური წესები საქართველოში სამედიცინო პრეპარატებისთვის და პროდუქტებისთვის მოქმედებს.