დავით ცეცხლაძე საქართველოსა და რუსეთს „ზემო ლარსზე" პრობლემის მოგვარებას სთხოვს

ამ დროისთვის რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს მიმართავს განიხილონ ალტერნატიული გზების გახსნის შესაძლებლობა და ხელი შეუწყონ საქართველო-რუსეთის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი- ზემო ლარსზე" შექმნილი სიტუაციის მოგვარებას.
საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თუმცა, რუსეთის მხარეს „ზემო ლარსის" ტერიტორიაზე საპარკინგე ადგილების სიმცირის გამო ტრაილერების რიგი წარმოიშვა.
„ვთხოვ რუსეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს ხელი შეუწყონ ამ საკითხის მოგვარებას და განიხილონ ალტერნატიული გზების გახსნის შესაძლებლობა“, - ნათქვამია ცეცხლაძის მიმართვაში.
როგორც ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ვითარებამ ნებისმიერ დროს შეიძლება მიიყვანოს სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთსა და საქართველოს შორის მოქალაქეთა გადაადგილების კომფორტსა და ტვირთების მიწოდების ვადებზე.
საქართველო-რუსეთის საზღვარზე „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტი 6 აგვისტოს 05:00 საათიდან 10:00 საათამდე პერიოდში ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით დაიკეტა. ტექნიკური სამუშაოები ახალი ავტომატური სარეზერვო ელექტროგამანაწილებელი ქსელის განახლებას უკავშირდებოდა.
ამ დროისთვის „ყაზბეგის" ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.