თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე სამეგრელოს მკვირდრს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 31 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ჟურნალისტი და ტელეკომპანიის ოპერატორი იმყოფებოდნენ და სოფლის ერთ-ერთ მკვიდრთან ინტერვიუს ჩაწერა სურდათ.
ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე მამაკაცმა ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლეს.
დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სსკ-ის 126-ე (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) მუხლების პირველი ნაწილებით წარედგინა, რაც ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.