მკვლელობა სოფელ ქეშალოში: ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას ეხებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს.
სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. 2022 წელს მათ საერთო ბიზნესსაქმიანობა წამოიწყეს, რა დროსაც თანხასთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოიშვა.
2023 წლის 11 ნოემბერს, სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, უთანხმოების ნიადაგზე, დანის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა.
„პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებული განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.