თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე შვიდი მოჭიდავე წარმოადგენს, რომლებიც, როგორც ნაკრებში იმედოვნებენ, რამდენიმე მედლის მოპოვებას შეძლებენ, განაცხადა ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
საქართველოს ნაკრების ანგრიშზე ჯერჯერობით ძიუდოისტების მიერ მოპოვებულოი სამი მედალია - ერთი ოქრო და ორი ვერცხლი. მოჭიდავეები ასპარეზობას 6 აგვისტოს დაიწყებენ. ტატამზე პირველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (-97 კგ) გავა. ორთაბრძოლა თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი მეორე დღეს გაიმართება.
„ასპარეზობას მოჭიდავეები იწყებენ , 7 სპორტსმენი გვყავს და იმედიანად ვარ, რომ რამდენიმე მედალს ავიღებთ და ძალოსნობით დავაგვირგვინებთ”, -განაცხადა ხაბელოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, სულ მინიმუმ ბრინჯაოს მედალს ნაკრებს მოკრივე ლაშა გურული მოუტანს, რომელიც კვირას საღამოს ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს.
როგორც ხაბელოვმა აღნიშნა, საქართველოს აქვს შანსი გააუმჯობესოს ტოკიოს ოლიმპიადის შედეგები, სადაც რვა მედალი მოიპოვა.
„იმედია, რომ ჩვენს ხალხს გავახარებთ ოლიმპიური თამაშებით და ეს დევიზი - უკეთ, ვიდრე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ნაწილობრივ შესრულდება“, - აღნიშნა ხაბელოვმა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში (ოთხი ლიცენზია): გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი (ვერცხლის და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელი).
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (სამი ლიცენზია): რამაზ ზოიძე, რობერტ კობლიაშვილი და ლაშა გობაძე.
საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 40 მედალი მოიპოვეს - მათგან ათი ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს.
ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს (ძიუდო, ძალოსნობა და ჭიდაობა).
რვიდან ოთხი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და -66 კგ) ბრინჯაო აიღეს.