რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზოუკვლოდ საქართველოში: ექვსი თვის სტატისტიკა

დაკარგულთა უმეტესობა ირიცხება თბილისში, ასევე იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 1-ელი ივლისისთვის უგზოუკვლოდ დაკარგულად 1.020 ადამიანია დაფიქსირებული, აქედან 25 მათგანი 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში დაიკარგა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში.
უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძირითადი ნაწილი, რომელთა აღრიცხვასაც შსს 1973 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე აწარმოებს, მამაკაცია. ამასთან, საქართველოში 31 არასრულწლოვნის ძებნა გრძელდება.
რაც შეეხება 2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს, წლის დასაწყისიდან საქართველოში 52 ადამიანი გაუჩინარდა, ნაპოვნია მხოლოდ 27. ამასთან, ოთხი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენ 25 ადამიანს ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი აქვს.
დაკარგულთა უმეტესობა ირიცხება თბილისში, ასევე იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
დაკარგულთა ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში დაიკარგა ორი უცხოელი, მათგან ერთი გარდაცვლილი იპოვეს.