რას ვჭამთ: საქართველოში კვების ობიექტებსა და მაღაზიებში დარღვევები აღმოაჩინეს

სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში სისტემატიურად ხორციელდება და სააგენტოს სპეციალისტები ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 2024 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს მასშტაბით 3,1 ათასი ინსპექტირება ჩაატარეს და კრიტიკული შეუსაბამობების გამო 82 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ითვლება კრიტიკულად. მეორე კვარტალში გამოვლენილმა დარღვევებმა 2,64% შეადგინა.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში არაკრიტიკული შეუსაბამობის გამო რეკომენდაციები გაიცა.
აპრილ-ივნისში ნახევარფაბრიკატების, რძის და რძის პროდუქტების, თევზისა და თევზის პროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმოები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ობიექტები, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, საზკვების ობიექტები, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოები და სხვა ობიექტები შემოწმდა.
ობიექტების შემოწმების შედეგად გამოვლინდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა უხარისხო ხორცის რეალიზაცია, არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული პირობეის და პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევა, მაცივრებში კონდენსატის წარმოქმნა.
სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში სისტემატიურად ხორციელდება და სააგენტოს სპეციალისტები ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად ეცნობება.
2023 წელს ჩატარდა 32 ათასი შემოწმება და აღებული იქნა 5,5 ათასზე მეტი ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის. დარღვევების რაოდენობამ 12% შეადგინა.