თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. პარასკევს, 2 აგვისტოს, პარიზში XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა ოთხ სახეობაში იასპარეზა.
ოლიმპიადის მეშვიდე დღეს სპორტის 14 სახეობაში მედლების 25 კომპლექტი გათამაშდა.
საქართველოს ნაკრებს ისევ სამი მედალი აქვს - ოქრო და ორი ვერცხლი ძიუდოისტებმა მოიპოვეს.
სკანდალი ძიუდოს ტურნირზე
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის წარმომადგენელ ტედი რინერთან დამარცხდა.
თუშიშვილისა და რინერის ბრძოლის შემდეგ მოხდა ინციდენტი, რის გამოც გურამ თუშიშვილი დისკვალიფიცირებულია და ოლიმპიადაში მონაწილეობას ვეღარ შეძლებს.
გარდა ამისა, ქართველი ძიუდოისტი დისკვალიფიცირებულია ყველა ტურნირზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
გუშინ ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმაც (+78 კგ) იასპარეზა. 1/16 ფინალში მან იპონით დაამარცხა გერმანელი რენე ლუხტი. მაგრამ 1/8 ფინალში დამარცხდა ფრანგ რომანა დიკოსთან და შეჯიბრს გამოეთიშა.
სროლა
პარასკევს ოლიმპიური თამაშების სამგზის მედალოსანმა და 1988 წლის თამაშების ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ იასპარეზა. მან მონაწილეობა მიიღო 25 მეტრიანი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტის საკვალიფიკაციო სროლაში, მაგრამ ფინალში ვერ გავიდა.
სალუქვაძემ უკვე მიიღო მონაწილეობა 27 ივლისს გამართულ შესარჩევ ტურნირში პნევმატური პისტოლეტით სროლაში 10 მეტრიანი დისტანციიდან. 55 წლის სპორტსმენმა ჯამში 562 ქულა დააგროვა და 38-ე ადგილი დაიკავა.
ბატუტი
პარასკევს ბატუტზე ხტომაში ლიუბა გოლოვინამ იასპარეზა. კვალიფიკაციაში სპორტსმენმა მე-11 ადგილი დაიკავა, რამაც მას შეჯიბრის ფინალურ ნაწილში გასვლის საშუალება არ მისცა.
გოლოვინა არის სამი ოლიმპიადის მონაწილე (2008, 2012 და 2016), II ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი ინდივიდუალურ პროგრამაში.
მძლეოსნობა
დებიუტანტმა ოლიმპიელმა ლიკა ხარჩილავამ 100 მეტრზე საკვალიფიკაციო რბენაში მიიღო მონაწილეობა და მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.