რას ვჭამთ: აღმოჩნდა თუ არა ნაყინის ნიმუშებში დარღვევები

ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმები.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. მიმდინარე წელს ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ქსელში განხორციელდა 60-მდე სახელმწიფო კონტროლი, კრიტიკული შეუსაბამობა არცერთში არ გამოვლენილა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებისა­ ­­და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს ააქტიურებს.
კერძოდ, ინსპექტირების ფარგლებში, მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმები.
სეს-ის ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორები სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე სხვადასხვა სახეობის ნაყინის ნიმუშებს საკვლევად მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გზავნიან. მიმდინარე წელს უკვე აღებულია ნაყინის 30 ნიმუშზე მეტი, ყველა მათგანი შესაბამისობაშია დადგენილ ნორმებთან.
მიმდინარე წელს, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე გამოსაკვლევად ნაყინის 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით სააგენტო სახელმწიფო კონტროლს არაერთი მიმართულებით ახორციელებს.
წყარო - სურსათის ეროვნული სააგენტო