მდინარე ქსანზე ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა - მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები ორი თვის განმავლობაში მოქმედებდა.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგენილია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო და ავტოტრანსპორტი მოძრაობდა ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 5 ივნისს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 5 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელზე (დასავლეთის მიმართულება) სარეაბილიტაციო სამუშაოები ორივე სამოძრაო ზოლზე ჩატარდა.