მარნეულში ოთხი წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხდა

ბავშვი ამჟამად კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. მარნეულში 4 წლის ბიჭს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
არასრულწლოვანი ამ ეტაპზე თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში 1 აგვისტოს შეიყვანეს. ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო და კეფის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვნის მშობლებისა და ნათესავების თქმით, ბიჭი თამაშის დროს დაეცა და თავის დაზიანება მიიღო. სამედიცინო კვლევებით კი გაირკვა, რომ ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, გია ბიბილეიშვილის განცხადებით, სერიოზული ტრავმაა თოფით მიყენებული.
„რეალურად, ეს ტყვია შევიდა უკანა კეფის მხრიდან, გაიარა მნიშვნელოვანი გზა და დააზიანა შუა ტვინის სტრუქტურები. იმ ადგილას არის ეს ტყვია გაჩერებული, საიდანაც მისი ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ეტაპზე ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. ძალიან რთული პაციენტია პროგნოზულადაც და ამჟამად სამართავადაც", - განაცხადა ექიმმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კისტის თოფიდან ტყვია, სავარაუდოდ, ბავშვის არასრულწლოვან ძმას გაუვარდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
https://rustavi2.ge/ka/news/288495