გაუგებარი გადაწყვეტილება - დეპუტატი საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების შეჩერებაზე

აშშ-ის გადაწყვეტილება აჩენს კითხვებს, თუ სად მიმართავენ ისინი ამ თანხებს, განაცხადა მაჭავარიანმა
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik აშშ-ის გადაწყვეტილება შეუჩეროს საქართველოს დახმარება თითქოსდა დემოკრატიის რეგრესის გამო გაუგებარია ქართველი ხალხისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 31 ივლისს განაცხადა, რომ აშშ უჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას საქართველოს მთავრობას ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, რომელიც აშშ-მა გამოაცხადა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, თბილისის „ანტიდემოკრატიული და ცრუ განცხადებები“ შეუთავსებელია ქვეყნის ევროკავშირისა და ნატოს წევრობის სტანდარტებთან.
„ეს თითქოსდა დემოკრატიის უკუსვლასთან არის დაკავშირებული, რომელიც ძალიან ბუნდოვანია. ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მაჭავარიანმა.
დეპუტატის თქმით, ეს ასევე აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, სად მიმართავს აშშ ამ თანხებს.
„ისინი სად მიმართავენ ამ თანხას, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს; როგორც ევროკავშირმა გადაუნაწილა 30 მლნ ევრო „ენჯეოებს“, რომელიც ჩვენს ჯარს მოაკლო, იმავეს იზამს თუ არა აშშ - მოდით, მოვლენებს დაველოდოთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.