ევროკავშირმა „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების გამო საქართველოს შესაძლოა დახმარება შეუჩეროს

მანამდე ევროკავშირმა „ევროპის მშვიდობის მექანიზმის” ფარგლებში უკვე გაუყინა საქართველოს სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. ევროკავშირმა კვლავ გამოხატა შეშფოთება საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის გამო და ის უკვე განიხილავს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერების შესაძლებლობას, განაცხადა ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთლიანად დასავლეთის კრიტიკის ობიექტი გახდა. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონი დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
რეზონანსული კანონი საქართველოში 3 ივნისს ამოქმედდა. 1 აგვისტოს კი დაიწყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების რეგისტრაცია, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტს 2023 წელს უცხოური დაფინანსება წარმოადგენდა.

„მთავრობისადმი ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ”, - განაცხადა სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა „ევროპის მშვიდობის მექანიზმის” ფარგლებში უკვე გაუყინა საქართველოს სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო.

სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური „კვლავაც სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”, ხოლო საკამათო კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე “უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს”.
სტანოს თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ოფიციალურ პირებთან - „ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 31 ივლისს განაცხადა, რომ აშშ უჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას საქართველოს მთავრობას ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, რომელიც აშშ-მა გამოაცხადა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.