თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
ცერცვაძის ახლობლების ცნობით ის ბოლო დროს ავადმყოფობდა.
ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, შიდსის საერთაშორისო საზოგადოების წევრი.
თენგიზ ცერცვაძე იყო ასევე საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი,
თენგიზ ცერცვაძე იყო ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. მას ასევე 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.