სამტრედიაში ბრაკონიერმა ზუთხი დაიჭირა

სამართალდამრღვევი უკანონო თევზჭერას ხის ნავიდან ჩასაკიდებელი იარუსების, კერძოდ 35 ერთეული „ანკელარის" გამოყენებით ახდენდა
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. იმერეთში „წითელი ნუსხით“ დაცული თევზის სახეობა - ზუთხი მოქალაქემ უკანონო თევზჭერისას მოიპოვა და გარემოს 6.500 ლარზე მეტი ზარალი მიაყენა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უკანონო თევზჭერის ფაქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში გამოავლინეს.
„საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული თევზის სახეობა - ზუთხი, მოქალაქემ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონზე მოიპოვა. სამართალდამრღვევი უკანონო თევზჭერას ხის ნავიდან ჩასაკიდებელი იარუსების, კერძოდ 35 ერთეული „ანკელარის" გამოყენებით ახდენდა.

„ზუთხის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 6.500 ლარზე მეტია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამისს უწყებას გადაეგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.