თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა ყურძნის მოსავლის ჩაბარების სუბსიდირების პროგრამას 2024 წელსაც გააგრძელებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ყურძნის რთველი საქართველოში შემოდგომაზე კახეთის რეგიონიდან იწყება და მთიან რაიონებში მთავრდება. რთველის სუბსიდირების პროგრამა დარგში პანდემიის გამოწვეული კრიზისის გამო 2020 წელს დაიწყო და შემდეგი სამი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ამ პროგრამას ახანგრძლივებდა.
„რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება, რათა სრულად დაბინავდეს მოსავალი და ფერმერებმა მიიღონ ადეკვატური შემოსავალი, ასევე, ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2024 წელს სუბსიდირება მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძენს შეეხება.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და, შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ ერთ ლარს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში სუბსიდიის ოდენობა კილოგრამზე 0,2 ლარს შეადგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს 300 ათასი ტონა მოსავალს ელოდებიან.
„2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი შეადგენს დაახლოებით 300 ათას ტონას. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ ეს მოსავალი სათანადოდ დაბინავდეს, მოხდეს ამ მოსავლის სათანადოდ რეალიზაცია“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების კუთხით და აღნიშნა, რომ კადასტრის ეროვნული პროგრამის მონაცემებით, რომელიც განხორციელდა 2014-2023 წლებში, დღეისათვის ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით გაორმაგებულია.
„მევენახეების მიერ რეგიონებში გაშენებულია 50 000 ჰა-მდე ახალი ვენახი, ესეც არის, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული წინსვლა ამ დარგში. 2012 წელს რეგისტრირებული იყო სულ 40 კომპანია, რომლებიც აწარმოებდნენ ღვინოს ჩვენს ქვეყანაში; დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებული კომპანიები - საშუალო და მცირე მარნების რაოდენობა 3000-ს აღწევს, აქედან 500-ამდე მწარმოებელი ღვინის ექსპორტსაც ახორციელებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა შარშან, მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 260 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო, მაშინ როცა 2012 წელს ანალოგიური მაჩვენებელი იყო 71 მლნ დოლარი.
2012 წელს გადამუშავდა სულ 52.000 ტონა ყურძენი, ხოლო 2023 წელს გადამუშავებული ყურძნის მოსავალმა 221.000 ტონაზე მეტი შეადგინა.
რაც შეეხება შემოსავლებს, 2012 წელს მევენახეობის შემოსავალი ჯამურად შეადგენდა დაახლოებით 50 მლნ ლარს, 2023 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 306 მლნ ლარამდე.
2023 წლიდან საქართველოში ყურძნის რეალიზაცია გაადვილდა. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია დარეგისტრირდეს საკოორდინაციო შტაბში, რათა ხელი შეუწყოს რთველის ორგანიზებულ ჩატარებას, მიუთითოს ყურძნის რაოდენობა და ფასი, რომლითაც სურს პროდუქტის შეძენა. ამის შემდეგ ყურძნის ჩაბარების მსურველი ფერმერი მიმართავს შტაბს და ეძებს კომპანიას, რომელიც მისგან მოსავალს ხელმისაწვდომ ფასად შეისყიდის.
2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე საქართველომ 156,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 24,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.