მაღაროს მუშაობის შეფერხებისთვის სამ ადამიანს ბრალი წარუდგინეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. პროკურატურამ მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ქმედების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარტიდან ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 21 ივლისს 07:25 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში, შპს „მაღაროელის“ კუთვნილი მაღაროების სავენტილაციო შენობის ეზოდან სავენტილაციო სისტემის მართვის მემანქანის გამოსვლის შემდეგ, ჯაჭვით, მავთულებით და ბოქლომით ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კარი ჩაკეტეს, რითაც ახალ ცვლაში მომუშავე მორიგე-მემანქანეს არ მისცეს შენობაში შესვლის საშუალება, რაც დღემდე გრძელდება.

„აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა განზრახ შეაფერხეს მიწისქვეშა მაღაროების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავენტილაციო სისტემის მუშაობა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს მაღაროებში სამაგრი მასალის ლპობა, ელექტრო დანადგარების დაზიანება, სამთო მასების ჩამოქცევა და მთლიანი მიწისქვეშა მაღაროების პარალიზება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამივე პირს ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში აქტიური მონაწილეობის მუხლით წარედგინა, რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.