პრემიერი: ჩინეთი საქართველოსთვის დასავლეთის ალტერნატივა არ არის

პრემიერის თქმით, საქართველოს მისია ისტორიულად მდგომარეობდა იმაში, რომ იყოს დამაკავშირებელი დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას შორის
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავების ალტერნატივა არ არის, არამედ დამატებითი ფაქტორია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
კობახიძემ ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობებზე კომენტარისას განმარტა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადება იის თაობაზე, რომ საქართველოს სჭირდება თანამშრომლობა როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან, რათა განავითაროს თავისი დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია.
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე კვირის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არ არის ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის, არამედ არის დამატებითი ფაქტორი“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მისია ისტორიულად მდგომარეობდა იმაში, რომ იყოს დამაკავშირებელი დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას შორის და მთავრობის ამოცანა უნდა იყოს ქვეყნისთვის ამ ფუნქციის მაქსიმალურად აღდგენა.
„თუ ჩვენ არ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ორივე მხარის მიმართულებით, ეს ფუნქცია არ აღდგება, მათ შორის, სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ურთიერთობები მაქსიმალურად გავაღრმავოთ ყველა მიმართულებით, იქნება ეს დასავლეთი თუ აღმოსავლეთი და ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსიც“, - აღნიშნა მან.
აქედან გამომდინარე, ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება არა საპირწონე, არამედ, პირიქით, დამატებითი ფაქტორია დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის, განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
ჩინეთი და საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს.
2018 წლიდან ქვეყნებს შორის მოქმედებს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც ათავისუფლებს ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ს ჩინეთში საბაჟო გადასახადისგან.
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2023 წელს საქართველო და ჩინეთი გადავიდნენ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. იმავე წელს საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, ხოლო 2024 წლის მაისში ჩინეთმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა.