თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა, პირველადი შედეგების გამოცხადება კი აგვისტოდან პირველი რიცხვებიდან დაიწყება, განაცხადა გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის (NAEC) ხელმძღვანელმა ნინო წერეთელმა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტებმა ბოლო გამოცდა 26 ივლისს ფიზიკაში ჩააბარეს - ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
„ნამუშევრების შემოწმება უკვე დაწყებულია. შედეგების გამოქვეყნება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგებით დაიწყება. დანარჩენი საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება, შემოწმების დასრულების შემდეგ გამოსაცდელს შეეძლება მიღებული ქულა და ნამუშევარი ნახოს ვებგვერდზე: online.naec.ge“, - განაცხადა წერეთელმა.
პირველადი მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების დაახლოებით 93% გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - 71%, საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო აპლიკანტთა 79%-მა, ხოლო მასწავლებელთა გამოცდაში - 84%-მა.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითება და შეცვლა სააპელაციო შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე შეეძლებათ.
„მინდა აბიტურიენტებს ვთხოვო, რომ ყურადღებით გადახედონ თავიანთ არჩევანს და სურვილის შემთხვევაში შეიტანონ ცვლილებები პროგრამების სარეიტინგო სიაში, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია დაიმახსოვრონ ცვლილებები ღილაკის „შენახვა“ გამოყენებით“, - განაცხადა NAEC-ის დირექტორმა.
წლევანდელი ეროვნული გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.