თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური ოპერატორი „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და ბაზარზე არსებული არაკონკურენტული მდგომარეობის გამოსწორებისა და ბაზრის გახსნის მიზნით, მას სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება დააკისრა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
„მაგთიკომი“ დღეისათვის საქართველოს ბაზარზე დაფარვის ყველაზე მსხვილ ქსელს ფლობს და გააჩნია როგორც ინტერნეტ-პროვაიდერის, ისე მობილური კავშირის ოპერატორის მომსახურება.
„მაგთიკომისთვის“ განსაზღვრულ სამ ძირითად ვალდებულებას ეროვნული როუმინგი, თანალოკაცია და MVNO-ს (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი) სავალდებულო დაშვება წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული როუმინგის შემთხვევაში, ის ოპერატორი, რომელსაც ქვეყნის გარკვეულ წერტილში არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დაფარვა, შეძლებს „მაგთიკომის“ ქსელით ისარგებლოს და საკუთარ მომხმარებელს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში ხარისხიანი მომსახურება მიაწოდოს.
თანალოკაციის ვალდებულების მიხედვით, სხვა კომპანიები შეძლებენ თავიანთი ქსელური ინფრასტრუქტურის „მაგთიკომის“ საკუთრებაში არსებულ ობიექტზე განთავსებას, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას მარტივად, დიდი ინვესტირების გარეშე გააფართოვონ საკუთარი ქსელი, ისარგებლონ „მაგთიკომის“ ელექტროენერგიით, გაგრილებისა თუ დაცვის სისტემებით და თავიანთ აბონენტებს გაუმჯობესებული მომსახურება მიაწოდონ.
რაც შეეხება MVNO დაშვებას, ეს ვალდებულება მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებს, რომელთაც არ აქვთ საკუთარი ინფრასტრუქტურა, მისცემს შესაძლებლობას შემოვიდნენ ბაზარზე და „მაგთიკომის“ ქსელის გამოყენებით დაიწყონ ოპერირება.
„აღნიშნული ვალდებულებები ბაზარზე კონკურენციას მნიშვნელოვნად გაზრდის და ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ქართველი აბონენტებისთვის მრავალფეროვან არჩევანს, გაუმჯობესებულ ხარისხსა და მეტად ხელსაყრელ პირობებს შექმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამ ძირითად ვალდებულებასთან ერთად, კომისიამ „მაგთიკომს“ 5 სპეციფიკური ვალდებულება განუსაზღვრა, რათა დაშვების მსურველი კომპანიებისთვის სამართლიანობა, გამჭვირვალობა და არადისკრიმინაციული პირობები იქნეს უზრუნველყოფილი.
ეროვნულმა კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება კომპლექსური კვლევისა და ევროკავშირის ექსპერტების დასკვნის საფუძველზე მიიღო.
„კვლევაში მონაწილე ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული გამოასწორებს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, რის შედეგადაც, ქართველი მომხმარებლები მწირი არჩევანისა თუ არახელსაყრელი პირობების გამო, აღარ დაზარალდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
მკვლევარების თვალსაზრისით, ქართველ აბონენტებს მაღალი სიჩქარისა და მოცულობის მომსახურებებში, ევროპელ მომხმარებლებთან შედარებით, პრემიუმ ფასების გადახდა, ან დაბალი სიჩქარისა და მოცულობის არჩევა უწევთ.
ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ბაზარი კონკურენტული არ არის, რაც მომხმარებლებს ართმევს არჩევანს და შემზღუდველ პირობებს უქმნის. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ბაზარზე არ არსებობს ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებისა და შემდგომ დანერგვის მოტივაცია, ხოლო ქართველი მომხმარებელი მსოფლიოში დანერგილ ინოვაციებს მუდმივად ჩამორჩება.
ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართულმა ოპერატორებმა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, დაგვიანებით განახორციელეს 3G-სა და LTE სერვისების გაშვება, ხოლო 5G, რომელიც ევროპაში უკვე რამდენიმე წელია ფართოდაა დანერგილი, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის განვითარებული.
კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება.