თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცაგერში 47 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ძმის მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ძმას ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად 36 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს