თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. „მთავარი არხის“ ოპერატორსა და ჟურნალისტზე თავდასხმის ბრალდებით გურიაში ორი პირი დააკავეს, იუწყება სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2024 წლის 25 ივლისს, დილის საათებში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე და ოპერატორი მანუჩარ მჟავანაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში რეპორტაჟზე მუშაობდნენ.
მუშაობის დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე დროს ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა ძმამაც - რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ვლადიმერ მენაბდემ მიიღო დაზიანება ტუჩის არეში. ბრალდებულმა ასევე დააზიანა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვიდეოკამერა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტსა და ოპერატორს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.