თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის და ზრუნვის საგანია, საგრძნობლად გაუმჯობესდა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
სააკაშვილს არასაკმარისი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ. დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილს ციხის საკანში 6 თვეზე ნაკლები დრო აქვს გატარებული საერთო ჯამში, დანარჩენი დრო ის კლინიკებში იმყოფებოდა: ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე - კლინიკა „ვივამედში“.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი ზრუნვის და დაკვირვების საგანია, როდესაც სამედიცინო შემოწმებაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ. მე პირადად ძალიან მოხარული ვარ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული და მინდა, ვუსურვო მყარი ჯანმრთელობა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები შეაფასებენ.
„ჩვენ შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ ექიმების მხრიდან როდესაც იქნება შესაბამისი მზაობა, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან პრინციპი არის ძალიან მარტივი, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ სააკაშვილი ობიექტურად არ იმსახურებს საავადმყოფოში ყოფნას, არამედ იმსახურებს ციხის საკანში ყოფნას, რადგან მას არანაირი დაავადება არ აქვს. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.