მსოფლიო დღეს

ნოვაკი: 1-ელი აგვისტოდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ავტომატურად განახლდება

რუსეთის მთავრობა განიხილავს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებას ბენზინის ექსპორტის აკრძალვის სექტემბერ-ოქტომბრისთვის გახანგრძლივების შესახებ.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა, რომელიც ივნის-ივლისში დროებით გაუქმდა, 1-ელი აგვისტოდან ავტომატურად განახლდება, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.
მინისტრთა კაბინეტმა 1-ელი მარტიდან საზღვარგარეთ რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ექვსთვიანი ვადით 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში დააწესა. აკრძალვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს, თუმცა, მაისის ბოლოს აკრძალვა დროებით მოიხსნა. ივნისის ბოლოს მთავრობამ საწვავის მიწოდების ნებართვა 1-ელ აგვისტომდე გაახანგრძლივა.
„ემბარგო 1-ელ სექტემბრამდე გვაქვს მიღებული, ივლისში უბრალოდ გამონაკლისი დავუშვით. 1-ელი აგვისტოდან კი გამონაკლისის ვადა იწურება და ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა, რაც ეხება ბენზინს, ავტომატურად აღდგება, ანუ 1-ელი აგვისტოდან აკრძალვა აღდგება“, - განაცხადა ნოვაკმა ჟურნალისტებთან.
ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა განიხილავს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებას ბენზინის ექსპორტის აკრძალვის სექტემბერ-ოქტომბრისთვის გახანგრძლივების შესახებ. როგორც მან განაცხადა, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსის, ასევე შიდა ბაზრის უზრუნველყოფის მონიტორინგის საფუძველზე.
„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში საჭირო გახდება ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის ვადის გახანგრძლივება, მაშინ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, - განაცხადა ნოვაკმა.
როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილების შეიძლება აგვისტოში მიიღონ - მთავარია ეს სექტემბრამდე მოხდეს, დასძინა ვიცე-პრემიერმა.
რუსეთი 2023 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის მთავარი ექსპორტიორი გახდა – 736,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 60,9%-ია. ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი მიმწოდებლების სიაში ასევე შედის რუმინეთი - 180,6 ათასი ტონა (მთლიანი იმპორტის 14,9%), ბულგარეთი - 107,2 ათასი ტონა (იმპორტის 8,9%) და აზერბაიჯანი - 84,2 ათასი ტონა (მთლიანი იმპორტის 7%).