თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ არ განუხორციელებია 2020 წელს დაპირებული პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტი, რადგანაც ოთხ წელიწადში პრიორიტეტები შეიცვალა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
საქართველო ამ დროისათვის სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი გაზსაცავი არ გააჩნია. საქართველოში 300 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე საუბარი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. პროექტმა ახალი სიცოცხლე მას შემდეგ შეიძინა, რაც მთავრობამ საცავის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა - მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა გარდაბანში მიმდინარე წელს იგეგმებოდა, მაგრამ სამუშაოები არ დაწყებულა.
„კონკრეტული პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ ჩვენი ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებაზე და იგი მომავალშიც გაგრძელდება და აისახება წინასაარჩევნო პროგრამაში. რაც შეეხება კონკრეტულ გაზსაცავს, გვექნება სერიოზული განხილვა თუ როგორია პერსპექტივები და პრიორიტეტები“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამაში ქვეყნის პირველი გაზსაცავის მშენებლობის პროექტს, თუ იგი პრიორიტეტულად ჩაითვლება, შეიტანს.
„ჩვენ დავიწყეთ წინასაარჩევნო პროგრამის აქტიური განხილვა. უკვე ოქტომბერში წარვადგენთ ამ საარჩევნო პროგრამას და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ესა თუ ის პროექტი შევა ამ პროგრამაში. რაც შეეხება გაზსაცავს, საზოგადოებას ამის შესახებაც ექნება ინფორმაცია“, - აღნიშნა მან.
გაზსაცავი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მოხმარების ზრდის ფონზეც. ქვეყანა წლის განმავლობაში საშუალოდ 2,3-2,5 მლრდ კუბურ მეტრს მოიხმარს. საქართველოს გაზმომარაგება ხორციელდება მხოლოდ იმპორტის ხარჯზე. დღეისთვის გაზის ძირითადი მომწოდებელი (90%) აზერბაიჯანია. რუსეთიდან იმპორტი შეადგენს დაახლოებით 7%-ს, რაც გაზსადენის წნევის რეგულირებისთვის საჭირო ტექნიკურ საშუალებას წარმოადგენს.
კობახიძის თქმით, ოთხი წლის განმავლობაში პრიორიტეტების გადახედვა ნორმალური მოვლენაა და გაზსაცავი თუ არ აშენდა, განხორციელდა სხვა ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა.
„პერიოდულად, რა თქმა უნდა, იცვლება პრიორიტეტები. ზოგადად, წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი ენერგეტიკის მიმართულებით. ჩვენს ახალ წინასაარჩევნო პროგრამაში ენერგეტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - აღნიშნა მან.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13,7 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 7,4%-ით ნაკლები იყო.