თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2024 წლის მეორე კვარტალში 14,9%-ით გაიზარდა, ამასთან მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასები 4,8%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მეორე კვარტალში 48,1%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 4,8% შეადგინა, ხოლო 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით - 14,4%.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში
რაიონი | კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი |
მთაწმინდა | 5 737 |
ვაკე | 5 247 |
საბურთალო | 4 037 |
ჩუღურეთი | 3 960 |
დიდუბე | 3 648 |
კრწანისი | 3 635 |
ნაძალადევი | 3 581 |
ისანი | 3 449 |
გლდანი | 3 425 |
სამგორი | 3 232 |
თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები 2024 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით, 4,6%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით – 16,8%-ით.
ახალაშენებული კერძო სახლების ფასი თბილისში
რაიონი | კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი |
მთაწმინდა | 4 423 |
დიდუბე | 3 583 |
ვაკე | 3 375 |
საბურთალო | 3 118 |
კრწანისი | 3 045 |
ჩუღურეთი | 2 797 |
ისანი | 2 737 |
ნაძალადევი | 2 442 |
სამგორი | 2 374 |
გლდანი | 2 290 |
„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 3.029 ლარს, თეთრი კარკასი – 3.366 ლარს, მწვანე კარკასი – 3.926 ლარს.
2023 წლის მეორე კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 2.629 ლარი, თეთრი – 2.875, მწვანე – 3.350 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.