თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და რუმინეთი „კასპიის ზღვა - შავი ზღვის" საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის თაობაზე ბუქარესტში ოთხმხრივ მთავრობათაშორისო შეთანხმებაზე ხელის მოწერას გეგმავენ, იუწყება თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ახალი სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ შეთანხმების მომზადების საკითხი წამოჭრეს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აჰმედ გურბანოვმა და რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ადრიან გეორგე ფოგისმა 18 ივლისს ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც თურქმენეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
„შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, მოემზადონ 2024 წელს ბუქარესტში ოთხმხრივი (თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთი) მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერისთვის „კასპიის ზღვა-შავი ზღვა" საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე გურბანოვმა და ფოგისმა განიხილეს ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პერსპექტივები სატრანზიტო და სატრანსპორტო სფეროში, მათ შორის Global Gateway-ის ინიციატივის ფარგლებში.
მარშრუტის განვითარების მიზნით შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეათანხმებს ტექნიკურ ასპექტებს, მოახდენს პროცედურების ოპტიმიზაციას, ხელს შეუწყობს ტარიფების ჰარმონიზაციას და საბაჟო პროცედურების გამარტივებას.