თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. რუსეთმა და საქართველომ ფეხბურთის ლეგენდების მატჩი უნდა ჩაატარონ, რადგან ასეთი შეხვედრები აერთიანებს ერებს, განაცხადა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორმა ანდრეი არშავინმა TASS-თან ინტერვიუში.
7 ივლისს მინსკში ლეგენდების ლიგის პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა, რომელშიც რუსეთისა და ბელარუსის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს (1:1, 5:4 - პენალტებით). მატჩში მონაწილეობა არშავინმაც მიიღო.
„ბელარუსის შემდეგ, რუსეთის ფეხბურთის კავშირმა უნდა გამართოს ლეგენდების მატჩები საქართველოსთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან“, - განაცხადა არშავინმა.
„ახლა ეს აქტუალურია, ასეთი შეხვედრები აერთიანებს ჩვენს ხალხებს, ინახავს ჩვენს საერთო ისტორიას. შეიძლება უსასრულოდ ჩაატარო სამიტები და კონფერენციები, მაგრამ სინამდვოლეში ხალხს ფეხბურთი აახლოებს", - განაცხადა მან.
საქართველოს ყოველთვის ჰყავდა კარგი დონის ფეხბურთელები და თუ ძმები არველაძეები, მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ აშვეთია, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე მოედანზე გამოვლენ - ეს ლეგენდების ლიგისთვის ძალიან კარგი განაცხადი გახდება, აღნიშნა არშავინმა.
ფეხბურთელის აზრით, ეროვნული ნაკრების რეტრო-მატჩზე დასასწრებად შეიძლება მთელი სტადიონი გაივსოს.