ქადაგიშვილი ამნისტიაზე: ჰუმანური აქტი ყოველთვის ჰუმანური აქტია

პროექტის მიღების შემდეგ ციხეს დაახლოებით ათასი პატიმარი დატოვებს, სულ კი ამნისტია 5 ათასამდე ადამიანს შეეხება.
Sputnik
თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. ჰუმანური აქტი ყოველთვის ჰუმანური აქტია და თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს წინასაარჩევნოდაა კარგი, მაშინ თვითონაც მიიღონ ამაში მონაწილეობა, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტმა 19 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს როგორც სასჯელის შემცირებას, ასევე პატიმართა ნაწილის სრულ გათავისუფლებას.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ამნისტია შეეხება მათ, ვინც 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით. წინასწარი მონაცემებით, ის არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან მკვლელობის, ნარკოგასაღების, სექსუალური დანაშაულის, ძარცვის, ტერორიზმის, კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაულისთვის, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის, კონვენციებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის, ადამიანებით ვაჭრობისა და მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებებისთვის.
საქართველოს სახალხო დამცველმა დეპუტატებს უკვე მიმართა ამნისტიის პროექტის გაფართოების თხოვნით, რათა მასში შევიდეს უვადოდ მსჯავრდებულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების საკითხი, ასევე გაითვალისწინონ რისკები ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლებისას.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვაც, რათა აღნიშნული კანონით არ მოხდეს კრიმინალური ვითარების მართვის ხელიდან გაშვება.
„ჩვენი მზიანი გახლავთ ის, რომ ქვეყანაში პატიმართა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გადათვლით, ყველაზე განვითარებული ევროპული ქვეყნების რაოდენობას გაუტოლდეს. ასევე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვაც, რათა ამ ჰუმანურ აქტით არ მოხდეს კრიმინალური ვითარების მართვის ხელიდან გაშვება, ამიტომ ყოველთვის ხდება ამ ოქროს შუალედის არჩევა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ოპოზიციის უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ ინიციატივას წინასაარჩევნო პარი უწოდა. ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სესიას თითქმის სრული შემადგენლობით ბოიკოტს უცხადებს.
დეპუტატის თქმით, ოპოზიცია აღნიშნული თემით სპეკულირებს.
„სინამდვილეში ოპოზიციას უნდა სპეკულაცია, სურს ყველაფერში ცუდი დაინახოს და გარკვეულწილად იმოქმედონ იმ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომელთაც არ ეხებათ ამნისტია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
რას ითვალისწინებს პროექტი
პროექტის თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ნაწილი უპირობოდ გათავისუფლდება, ნაწილს კი მათი ქმედებებისგან დაზარალებულთა თანხმობა დასჭირდება.
გათავისუფლების გარდა, ამნისტია 1/2, 1/4 და 1/6-ით პატიმრობის ვადის შემცირებას და ასევე პირობითი სასჯელის ერთი წლის ვადით შემცირებას ითვალისწინებს. ინიციატორების თქმით, 1/6-ით პატიმრობის შემცირება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით იგეგმება.
ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიც არის მკვლელობა, ნარკორეალიზაცია, სქესობრივი დანაშაული, ყაჩაღობა, ტერორიზმი, კორუფციული და თანამდებობრივი დანაშაული, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი და ა.შ.
პროექტის მიღების შემდეგ ციხეს დაახლოებით ათასი პატიმარი დატოვებს, სულ კი ამნისტია 5 ათასამდე ადამიანს შეეხება.
კანონპროექტის მიღების მიზნები
ამნისტიის მიზანი 28 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა. კერძოდ, კანონპროექტის მიზანია პატიმართა რაოდენობის შემცირება ოპტიმალურ ევროპულ დონემდე.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.
2024 წლის 1 ივნისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 10.241 ადამიანია, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.